X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

14 მარტი 2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დმანისის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 15.4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის შედეგად განახლებული გზით უკვე სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე რეგიონში ჩამოსული ტურისტები.

რეაბილიტირებული მონაკვეთი გადის სოფლებს-ვარდისუბანს, დიდ დმანისსა და განთიადს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მუნიციპალიტეტის შიდა საგზაო კავშირს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია: გაფართოვდა სავალი ნაწილი, გამაგრდა გზის საფუძველი და აშენდა ახალი სახიდე გადასასვლელები. ასევე მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, რკინაბეტონის სანიაღვრე არხები და წყალგამტარი მილები. პროექტი ითვალისწინებდა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობას, ადგილობრივ გზებთან მიერთებებს, ტროტუარებს, გზაგამყოფ კუნძულებსა და ავტოპავილიონებს.

საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შესრულდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და მოეწყო ლითონის მრუდხაზოვანი ძელებიანი ზღუდარები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 21 მილიონ ლარამდეა.